აეროპორტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ფხალაძე კომპანია “ტავ-ურბანის” იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა 1-ლ მაისს.
“ტავ ურბანს”, სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია, თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
პირველ რიგში გასაკვირია, კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ?
რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში? განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია! დაწერილია 10 მაისს.
პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები? არ მოვემსახურები!
კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას სადავ ვიძახი, რომ მე ხომალდებს ვემსახურები.
ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ, რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც. კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე, რაშიც არავინ ადანაშაულებდა?”– წერს გიორგი ფხალაძე, რომელმაც 10 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ მოემსახურება რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოსულ მგზავრებს.
ფხალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა აეროპორტების მართვის კომპანია “ტავ”, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება პირველ მაისს დაწერა, შესაბამისად არანაირი კავშირი არ აქვს მის პროტესტთან.
„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს