ავიაკომპანია “ჯორჯიან-ეარვეისი”-ს პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი პასუხობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს:
“იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.
ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია.
გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში.
რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია ”ეარ ფრანსის” კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა. მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი…
მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს ხოლმე, თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას.
ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა””, – ნათქვამია თამაზ გაიაშვილის წერილში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს