ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.
ჩვენი მოსაზრება არის მარტივი. ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ და პირადადაც. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ. არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც მათ დაისახეს და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს დასახული მიზნად, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში. მხოლოდ აშშ არ გამოხატავს შეშფოთებას, არამედ საქართველოს რამდენიმე პარტნიორო ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო, ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ჩვენი კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას ადამიანებს, ვინც არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათ დაფინანსების წყაროებზე. მე შემიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს რადიკალურად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.