საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება “მაკდონალდსი”-ს ქართულ ქსელში აღმოჩენილ ქართულენოვან საბავშვო ბროშურას, რომელშიც ლგბტ პროპაგანდის ნიშნებია, კერძოდ, მასში მოთხრობილია ამერიკელი მომღერლის, ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორი მამაკაცის სასიყვარულო ამბებზე.
“ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა.
აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს.
რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.
შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას – ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას.”– ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს