გთავაზობთ მაკდონალდს საქართველოს ახალ განცხადებას: 14:45
“გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ დღიდან დაარსებისა, „მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფასეულობა იყო ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური კამპანიით ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, ბავშვების გახალისებას და მოტივირებას. წლების განმავლობაში ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000-მდე შემეცნებითი წიგნი და ვამაყობთ, რომ ამით წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში.
Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გლობალურად ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. წიგნებში მოთხრობილი ისტორიები, სოფი ბიერისა და ემი ბლექველის ავტორობით შექმნილი წიგნის – “Little people, big dreams”-ის სერიიდანაა აღებული.
ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ. მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers-ი წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.
Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით, დაუშვეველია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერალისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორია, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს.
გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.
ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას.
წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს.”- ნათქვამია ახალ განცხადებაში.
იხილეთ კომპანიის ძველი განცხადება, რომელიც წაიშალა მათი გვერდიდან:
“მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდის განცხადება:
ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაკდონალდს საქართველო ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მაკდონალდს გლობალის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს – ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებულები.
Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“ საბავშვო მწერლების სოფი ბიერისა და ემი ბლიქვილის ავტორობით. წიგნი, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ცხოვრება და კარიერაა აღწერილი, ჩინეთში დაიბეჭდა და იდენტური შინაარსით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაკდონალდსში, შესაბამისი ქვეყნების ენაზე ნათარგმნი.
აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, მაკდონალდს საქართველოს აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.
აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მუშაობდა მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდი. პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია კოკა-კოლას და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.
მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას.
ამასთან, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მაკდონალდს საქართველო დღიდან მისი დაფუძნებისა, მხარს უჭერს ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას და დღემდე სხვადასხვა შემეცნებითი წიგნებით, პროგრამებითა თუ კამპანიებით ხელს უწყობს პატარებში კითხვის შეყვარებას. ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000 შემეცნებითი შინაარსის წიგნი, რომელმაც წაახალისა ბავშვებში კითხვის სიყვარული.
მაკდონალდს საქართველოსთვის ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს