ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ რატომ უწოდებენ “ხალხის ძალის” კანონპროექტს რუსულს

მარ6,2023
გაზიარება

ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ რატომ უწოდებენ “ხალხის ძალის” კანონპროექტს რუსულს.

“ვინაიდან ბევრმა დასვა შეკითხვა, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული, ვეცადე ამ სტატუსში მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით გამეცა პასუხი:

პირველ რიგში, ნებისმიერი ამერიკული კანონი სულ რომ წერტილ-მძიმეთი კეთილსინდისიერად და კეთილი განზრახვით ვთარგმნოთ და საქართველოში მივიღოთ, ის მაინც არ იქნება ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი, ვინაიდან ჩვენ და აშშ მივეკუთვნებით ორ სხვადასხვა სამართლის სისტემის მქონე ქვეყანას.

ჩვენგან განსხვავებით, აშშ გახლავთ ე.წ. Common Law, ანუ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, სადაც სამართლის წყარო არის პრეცედენტული სამართალი, რომელიც იქმნება მოქმედი კანონების ნორმების სასამართლო ინტერპრეტაციების საფუძველზე. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი არ იზამს იმას, რომ სამართლებრივ საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნოს მხოლოდ კანონის ტექსტს მისი აღსრულების პრეცედენტული სამართლის გარეშე. რასაც საქართველოს პარლამენტში ახლა აკეთებენ – თარგმნეს კანონის ტექსტი და არ ნახეს როგორ აღსრულდა ის ამერიკაში ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, რა პრეცედენტები შეიქმნა – ეს არის არაკომპეტენტურობა. უბრალოდ, მართლა სირცხვილია ქართული პარლამენტარიზმისთვის.

ამიტომ, თუ გვაინტერესებს გავიგოთ, როგორ არის დარეგულირებული ამერიკაში გარკვეული სამართლებრივი საკითხები, პირველ რიგში უნდა მოვიძოთ პრაქტიკა, ანუ მისი აღსრულება და სასამართლო პრეცედენტები.
ახლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ა. „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) ამერიკაში 1938 წელს ფაშიზმისა და კომუნიზმისგან დასაცავად მიიღეს და მისი მიზანია ისეთი ორგანიზაციებისა და პირების გამოვლენა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის პოლიტიკაზე და საზოგადებრივ აზრზე უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენას; FARA-ს რეგულირების ქვეშ არ ექცევა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მიმართულია ამერიკაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ეკოლოგიური, ანტიკორუფციული თუ სხვა უფლებადაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორივე კანონპროექტის მიზანი კი გახლავთ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება ნებისმიერი ორგანიზაცისთვის, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში;
ასევე,

ა. FARA-ს აქვს აშშ-ს უსაფრთხოების დაცვის მიზანი, მათ შორის კონტრდაზვერვითი დატვირთვაც, ვინაიდან მის საფუძელზე იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებს ისეთი ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

ბ. ქართული კანონპროექტებით რეგისტრაციას და აგენტის იარლიყის მინიჭებას ექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დახმარებას და მხარდაჭერას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ მეგობარი ქვეყნებიდან.

შესაბამისად, ამ კანონპროექტებით აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საფრთხის შემცველ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებად.

შესაბამისად, „აგენტების“ შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი არ არის გამჭვირვალობის მიღწევა, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, რაც ქართულ რეალობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ მკვეთრად შეამცირებს.”- წერს ნინო ლომჯარია.

სხვა ამბების წაკითხვა