ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხება 2017 წელს, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას (პეტრო პოროშენკოს მმართველობის პერიოდს)
“განცხადება საქმეზე “სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ერთხმად ცნო მიუღებლად”- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს. მათ შორის, მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა და აკრძალულია წამება და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა.
29 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამოწურული არ იყო.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს