ბოლო ამბები
06/10/2024

TBILISI OPEN AIR-ის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

გაზიარება

მუსიკალური ფესტივალი  “TBILISI OPEN AIR”-ის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

საკითხი ეხება 8 ივლისს, ლგბტ პრაიდის მოწინააღმდეგათა აქციას, რა დროსაც, მათი თქმით, მიადგათ ზარალი, რადგან აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ინვენტარი და ტექნიკა, ასევე გაძარცვეს მათი კუთვნილი ქონება.

“ვეხმაურებით და სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი პრორუსული ჯგუფები ახორციელებდნენ.

ჩვენი ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს, იჯარის საფუძველზე ვქირაობთ ყოველწლიურად და მასზე განთავსებული ინვენტარი ფესტივალის საკუთრებაა.
ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს.

გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.

ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა. შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ.

Tbilisi Open Air 14-წლიანი გამოცდილებით სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და სიყვარულის იდეაზე დგას. დაუშვებლად მიგვაჩნია ყოვლად ამორალური და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლილი ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ყოფნა და ქმედება თბილისი ოფენ ეარის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება.

ის, რაც  აგრესიულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს საფესტივალო ტერიტორიაზე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. სიყვარული სიყვარულია!”- წერია “TBILISI OPEN AIR”-ის განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა