ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

ეს კანონპროექტი არ გახლავთ ქართველი ხალხის არჩევანი – შოთა შალელაშვილი

მარ7,2023
გაზიარება

ეს კანონპროექტი არ გახლავთ ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის სრულად ანტიკონსტიტუციური სულისკვეთებით ნაკარნახები ინიციატივა”- ამბობს “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი “ხალხის ძალის” კანონპროექტზე უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.

“პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლოს მტრის და მოყვრის გარჩევა, მეტი სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო, როცა საქმე ქვეყნის ისტორიულ საგარეო არჩევანს და მის მომავალს ეხება.

გულდასმით გავეცანი ,,ქართული ოცნების”პოლიტიკური დანაყოფის ,,ხალხის ძალა”-ს მიერ ინიცირებულ კანონის პროექტებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ და ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ’’. გავეცანი ავტორისეული განმარტებებსაც, თუმცა მე ვერ ვხედავ გულწრფელ მიზანს გამოვლენილ იქნან მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენლები, მე ვხედავ უპრეცედენტო უმადურებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე მხარს უჭერენ ქართველ ხალხს დემოკრატიზაციის, რეფორმების და სამართლიანი არჩევნების გზაზე. ,,უცხოური გავლენის აგენტი’’-ს სტატუსის მიკერება იმ ორგანიზაციებსა და თანამოქალაქეებზე, რომლებიც მუხლჩაუხრელად და ხშირად ინსტიტუციებზე ეფექტურად მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა, თავისუფალი მედიის და სასამართლოს მიმართ არის გაუგონარი უმადურობა.

შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხსნი ე.წ. “ხალხის ძალის” ინიციატივას და კიდევ უფრო მეტად მაღელვებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სტუდენტ-ახალგაზრდები, აკადემიური სფეროს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიზიკურად აპროტესტებენ ამ ინიციატივას.

მე ვერაფრით ვერ ვხსნი და მაღელვებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოზიცია, როცა ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ქვეყანას ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მოწოდებების იგნორით და ხშირად ცინიკური კომენტარებით.

მეგობრებო, ეს კანონპროექტი არ გახლავთ ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის სრულად ანტიკონსტიტუციური სულისკვეთებით ნაკარნახები ინიციატივა, დაუშვებელია ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის შინაარსისგან გადახვევა!
უკეთ გაეცანით სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის როლს და მნიშვნელობას დემოკრატიული ტრანსფორმაციის პირობებში, უკეთ გაეცანით საკუთარი ხალხის ნამდვილ ნება-სურვილს და გაემიჯნეთ ყველაფერს ანტიქართულს და ანტიდასავლურს !

ჩემი თვითმიზანი არის ძლიერი და ერთიანი საქართველო და სწორედ ამ მიზნით მე, მხარს დავუჭერ ყველა მშვიდობიან დეკლარაციას, რაც გააძლიერებს ჩვენ ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად, ვინც გულწრფელი სულისკვეთებით დღეს იცავს ქვეყანას “- წერს შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა