მომღერალ ინგა ფერაძის საქართველოში დასაბრუნებლად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც, მომღერალი მანანა მენაბდეა.
ინგა ფერაძე მესამე წელია რაც ბრიუსელში მდებარე მოხუცთა პანსიონატში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას იქ ნორმალური პირობები აქვს, მთავარი პრობლემა არის ენების არცოდნა, შესაბამისად ის ვერ ურთიერთობს იქ მყოფ ადამიანებთან, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მის ჯანმრთელობას, კერძოდ, ტვინს.
ინგა ფერაძეს ძალიან ენატრება მის სამშობლოში დაბრუნება, თუმცა, მას აქ საცხოვრებელი სახლი არ აქვს.
გთავაზობთ მანანა მენაბდის პოსტს:
ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში რომელსაც „PETTI ILLE“ ქვია, აგერ უკვე 3 წელზე მეტია, იმყოფება ჩვენი საყვარელი მომღერალი და ადამიანი – ინგა ფერაძე. ის აქ შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და კინო დოკუმენტალისტმა – ირაკლი კორძაიამ, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა, ინგა ფერაძეზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.
მდგომარეობა შემდეგშია – ინგას აქვს დემენცია საწყის ფორმებში და მისი მდგომარეობა უარესდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ინგა არც ფრანგულ და არც ნიდერლანდურ ენებს არ ფლობს,ამიტომაც კომუნიკაციაში ვერავისთან ვერ შედის. ამის გამო ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. ეს ამძიმებს მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.
ინგას კოლეგებმა და მისმა თაყვანისმცემლების ჯგუფმა, გადავწყვიტეთ მის საყვარელ საქართველოში დავაბრუნოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მისი სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგანაც თავად ოცნებობს საქართველოში დაბრუნებაზე.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მოხუცთა პანსიონატს “ლალა-მარიას” და პანსიონატის დირექციამ მზაობა განაცხადა ინგას მიღებაზე! ისინი სიხარულით ელიან მას!
აქ ინგას ექნება ცალკე ოთახი, მოვლა და პატრონობა, პროფესიონალურ დონეზე.
ინგას ახლა თითოეული ჩვენთაგანის თანადგომა ესაჭიროება. ნებისმიერი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი და მეგობარი – ინგა ფერაძე საქართველოში.
გვაქვს მცირედი თანხა ჩვენი დანაზოგებიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ TBC ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე, რომელიც ჩემს სახელზეა გახსნილი:
მიმღები – მანანა მენაბდე
ანგარიში – GE92TB7910645064400003
P.S. ჩვენი დიდი თხოვნაა გააზიაროთ ეს ინფორმაცია”– წერს მანანა მენაბდე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს