ბოლო ამბები
26/01/2025

ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

გაზიარება

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი (ქართული ოცნებიდან) ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს  უხელმძღვანელებს, რომელიც ამ თანამდებობას 2023 წლის 4 სექტემბრიდან ჩაიბარებს.

ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ – ხელმძღვანელი.

სხვა ამბების წაკითხვა