ბოლო ამბები
11/10/2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

გაზიარება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება, რომ ნიკორაში შეძენილი პროდუქტით მოქალაქეები მოიწამლნენ და მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს.

სხვა ამბების წაკითხვა