თბილისის მერის, კახა კალაძისა და მისი მოადგილეების მიერ მოწოდებული ბოლო ცნობები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, კერძოდ: დაიტბორა ქუჩები, სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებში, ავტობუსში, ასევე, დაიტბორა კორპუსების შესასვლელები, თამარაშვილის გზაზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ადგილას მოტყდა ხე, რომელიც ავტომანქანას დაეცა.
საბედნიეროდ, წვიმის შედეგად არ არიან დაშავებულები, თუმცა, დატბორვის გამო მატერიალურად დაზარალდნენ მოქალაქეები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა.
„ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით.
ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია.
ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს