ბოლო ამბები
06/10/2024

გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი კომპანიის მიმართ რამდენიმე დღის წინ „ვითომც“ პატრიოტების მიერ დაწყებულ კამპანიას – კომპანია “კულა” განცხადებას ავრცელებს

გაზიარება

კომპანია “კულა” ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს და მოქალაქეების აღშფოთებას, პროდუქციის შეფუთვაზე რუსულენოვანი წარწერის დატანის გამო.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი კომპანიის მიმართ რამდენიმე დღის წინ „ვითომც“ პატრიოტების მიერ დაწყებულ კამპანიას.

პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ქართველს და ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც არამხოლოდ არ აყვნენ პროვოკაციას, არამედ მოგვწერეს მხარდაჭერის მრავალი წერილი იმისთვის, რომ ქართული წარმოება განვითარდეს და თუ რაიმე შეცდომებია გამოსწორდეს.

დიდი მადლობა თქვენ და სიმართლის გაგების შემდეგ, არაა საჭირო მათი ლანძღვა. ბევრი მათგანი უნებლიედ შეიყვანეს შეცდომაში.

ახლა იმ ფსევდოპატრიოტებს, რომლებიც რუსული ხორბლით დამზადებულ პურს მიირთმევენ, რუსული ზეთით ამზადებენ კერძებს, რუსული შაქრით ატკბობენ სასმელებს და ტკბილეულს, რუსულ საწვავს ასხამენ მანქანებში, სადაც გადახდილი თანხების 90% მიდის რუს ოკუპანტებთან და ხმას არ იღებენ. ხოლო მათი კულტურა და განვითარება „ვაზელინით“ იწყება და მთავრდება. ჩვენ კი გვებრძვიან.

ჩვენ, ვინც ქართველი ფერმერებისგან ვიბარებთ ვაშლს, ვამუშავებთ და 30-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით ექსპორტზე.

გვინდა გითხრათ, იმისთვის რომ ქართველი ფერმერის მოყვანილი ვაშლი არ გაფუჭდეს და მათმა ოჯახებმა მიიღონ შემოსავალი და კიდევ გააშენონ ბაღები; ჩვენი კომპანია განვითარდეს და არა რამდენიმე მილიონი ლარი, არამედ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეიტანოს ბიუჯეტში და ამით ქართული ეკონომიკა გაძლიერდეს; ჩვენი შეტანილი თანხებით მრავალი სოციალური პროექტი დაფინანსდეს, გაიცეს პენსიები და ამ თანხის 20-25%-ით საქართველოს თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს.

ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ვებრძოლოთ არა მარტო მათ, ვინც შეგნებულად, გულუბრყვილობით ან უცოდინრობით აკეთებენ ამას, არამედ მათაც ვინც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია.

ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანსსა და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ.

შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა.

რაც შეეხება „კირილიცას“, ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს.

წარმოგიდგენთ იმ ვაშლის წვენის სურათს, რომლითაც დაიწყეს სპეკულაცია და ქულების დაწერა. ეს ჩვენი სტანდარტული შეფუთვაა, რომელიც რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება და იგზავნება საზღვარგარეთ.

ასევე გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაგვიგზავნია რუსეთში და რუსეთი არ წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას.

ჩვენ ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი ვაშლის და სხვა ხილის წვენის რამდენიმე შეფუთვას ვაქვეყნებთ.

დიდი მადლობა ჩვენი პროდუქციის რეკლამირებისათვის. მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ „კირილიცას“ ჩვენი შეფუთვიდან.”- ამბობენ კომპანიაში.

სხვა ამბების წაკითხვა