ნინო ლომჯარიამ პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა” დააარსა, რომლის წარდგენაც 7 სექტემბერს შედგება.
როგორ ორგანიზაციის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა დარჩენილი და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მტკიცე და გააზრებული პოზიციის დაფიქსირება.
“საქართველოს ევროინტეგრაციისა და შეუქცევადი განვითარების მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“, რომელიც ქმნის სამოქალაქო აქტივობის სივრცეს ყველასთვის, ვისაც სწამს საქართველოს ევროპული მომავლის და სურს ამ მიზნის რეალიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ვიმოქმედოთ ევროკავშრის სტატუსისთვის“ პლატფორმის პირველი ინიციატივაა, რაც გულისხმობს საქართველოს ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსის შეკავშირებას, კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, რათა ჩვენი მოქალაქეების ხმა მკაფიოდ გაჟღერდეს ევროპულ ინსტიტუტებში”– ნათქვამია პრეს-რელიზში.
„საქართველოს მოქალაქეთა სრულ უმრავლესობას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული საკუთარი ურყევი პოზიცია, რომ საქართველოს მომავალს ევროპის კავშირში ხედავს. ამ მიზნის გარშემო ყველა ერთიანი ვართ და არავის აქვს უფლება წაართვას ჩვენ საზოგადოებას დამსახურებული ადგილი ევროპულ სივრცეში, შეულახოს საქართველოს ნდობა და ავტორიტეტი მეგობრებსა და პარტნიორებში.
უნდა გავცდეთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და გავიაზროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უნდა დავძლიოთ ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება, დავიბრუნოთ რწმენა იმისა, რომ საზოგადოებას შეგვიძლია მოლოდინის გარდაქმნა მოქმედებად.
ეს ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს, რადგან ეს საქართველოს ხმაა. ევროპას მცირე ნაბიჯი გვაშორებს და დროა, ეს ნაბიჯი ერთად გადავდგათ.“ – ამბობს პლატფორმის დირექტორი ნინო ლომჯარია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს