“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ პარტია ვერ ახერხებს მისი ამომრჩევლის 8-10 პროცენტის ქუჩაში გამოყვანას და ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ლიდერები, რაღაცას ისე ვერ აკეთებენ და საჭიროა კიდევ უფრო სხვა.
ამის შესახებ ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს და 21 სექტემბერს, ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმიანება, სადაც მხარდამჭერების სიმცირე იყო.
“არც შუაშისტი ვარ და არც გადაუწყვეტელი. არც დეპუტატობა მინდა და არც რაიმე თანამდებობა.
ვარ ენმ-ს წევრი, პარტიის, რომელმაც მიშას ხელმძღვანელობით საქართველოს საოცარ აღმშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მაგრამ… რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ეროვნულ ბანკთანაც ვიყავი აქციაზე და პარლამენტთანაც.
გული მეტკინა. იქნებ დავფიქრდეთ რა არის მიზეზი? ნუ გადავაბრალებთ სხვას, იქნებ არასწორი მოქმედებების, გაუმართავი სტრუქტურირების და არათანმიმდევრული პოლიტიკის ბრალია რაც გვჭირს?
ამაზე ვჩხუბობდი 10 წლის წინ, ამაზე ვკამათობდი 5 წლის წინ, ეს მაღელვებდა 1 წლის წინ, ამას განვიცდიდი გუშინ, ეს მტკივა დღეს.
წლების წინ დავწერე ჩემი მოსაზრებები რა და როგორი რეფორმები უნდა გაგვეტარებინა, ყველას თავი მოვაბეზრე, მაგრამ არა, არავის უნდა ეს და ამას მარტივ ახსნას ვუძებნი, არ უნდათ რადგან ეს არ არის, დეპუტატობისა და თანამდებობების მაძიებელთა გზა, ეს თავისუფალი ნების, პატრიოტთა გზაა.
და ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანბანურ ჭეშმარიტებას: თუ პარტიას, მიუხედავად მისი წევრების რეპრესიებისა, ზეწოლისა, სამსახურებიდან გამოყრისა, ყველა არჩევნებზე სულ მცირე 600000 ადამიანი მხარს უჭერს და ვერ ახერხებს მისი 8-10 პროცენტის, 50-60 ათასი ადამიანის საპროტესტო აქციაზე გამოყვანას, ნიშნავს, რომ არასწორად აკეთებს რაღაცას, არასწორად არის ორგანიზებული, არასწორად საზღვრავს პრიორიტეტებს, ვერ ასხივებ გამარჯვებას!
მხარდამჭერებს ნუ ვაბრალებთ, ხალხს ნუ ვეჩხუბებით, სხვისკენ ნუ ვიშვერთ ხელს, ჯობია საკუთარ თავში მოვიძიოთ მიზეზები.”- წერს კობა ხაბაზი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს