ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეელათის საჯარო სკოლის მე-9 კლასელ გოგონას, თანაკლასელი თვითმკვლელობას აიძულებს და ემუქრება.
ამის დამადასტურებელი ფაქტი გამოაქვეყნა მოქალაქე ლევან ჭელიძემ, რომელსაც წერილი მშობელმა გაუგზავნა, სადაც არასრულწლოვან გოგონას მისი ერთ-ერთი თანაკლასელი ემუქრება, რომ საპირფარეშოში, სამართებლით დაისეროს სხეული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაახრჩობს და თმებს დაუწვავს.
წერილი და სამართებელი გოგონას ჩანთაში ჩაუგდეს, სადაც აღნიშნული შინაარსის გზავნილი იყო დატოვებული.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა განათლების სამინისტრო, რომელმაც განცხადება გაავრცელა:
“ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში.”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს