ამ უმძიმეს კადრებს ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს სოციალურ ქსელშ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან სკოლის მოსწავლეს მისივე თანატოლები.
შემთხვევა ქუთაისში მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.
>
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
“გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედია საშუალების დამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, ქვეპუნქტით.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მნიშვნელოვანია მედიის მიერ ფაქტის გადამოწმება ან მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ვიდრე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ან მედიაში მოხდება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებით ტრავმა მიაყენოს.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Multimedia.ge-ს კომენტარი:
ვეხმიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებას, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მოხდეს ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებითი ტრავმა მიაყენოს.
ფაქტი აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. ვიდეომასალა სპეციალური (BLUR- დაბურვის) ეფექტით დამუშავდა ჩვენ მიერ, მხოლოდ დაზარალებულის ინტერესების და არა მოძალადეების ინტერესების გათვალისწინებით.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს