ბოლო ამბები
12/12/2024

ნუ ამწარებთ ტყუილად ხალხს – თამარ ჩუგოშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს

გაზიარება

“ქართული ოცნება”, მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით. ვიცი, აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც ვცდი, რადგან თქვენი შეცდომების კასკადი სადამდე მიგვიყვანს ჩვენც და თქვენც არავინ იცის:”– წერს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და პარტიის სახე თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს:

1. ნუ გგონიათ ყველა სულელი საკუთარი თავის გარდა. ნუ ეუბნებით ამ ახალგაზრდებს, რომ სულელები არიან, ვიღაც იყენებს და რამეს ვერ ხვდებიან. თქვენს ბევრ დეპუტატზე უკეთ ხვდებიან რა ხდება და შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, პატივისცემით მოექეცით! ასე გადაიმტერეთ მთელი ევროპარლამენტი, კონგრესი, დიპლომატები და ყველა, შინაურიც და გარეულიც, ეძახეთ სულელები და გაამწარეთ;

2. აი, ამიტომ არ შეიძლება იყო გადამგდები! ყველა წინა კრიზისის შემდეგ გადააგდეთ ხალხიც და პარტნიორებიც. ახლა გჭირდებათ ვიღაცამ დაგიჯეროთ და თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს, უნიჭო ტრიუკები კი, ამას ვერ დაგიბალანსებთ;

3. დათმობა, მითუმეტეს საკუთარ ხალხთან არაა სისუსტე, არა!!! დათმობა საკუთარ საზოგადოებასთან არის სიძლიერე და აუცილებლობაც კი. თუ თქვენ იმ კონდიციამდე მიხვედით, რომ ახლა კანონის გაწვევა მარცხი გგონიათ და ფიქრობთ, რომ გაწვევა სისუსტეში ჩაგეთვლებათ, მაშინ უკვე დამარცხებულხართ;

4. მტერი და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი სხვადასხვაა! არ შეიძლება ადამიანს მტერი ეძახო, იმის გამო რომ არ გეთანხმება ან არ მოწონხარ. არავინ არაა ვალდებული იმ დემაგოგიის სჯეროდეს, რასაც გვასმენინებთ. ნუ აწებებთ მათ მტრის იარლიყებს, თორემ ბოლოს “მტერი” თქვენზე მეტი აღმოჩნდება ამ ქვეყანაში. ნუ ამწარებთ ტყუილად ხალხს;

5. ზეწოლა წარმოშობს წინააღმდეგობას, მარტივია! რაც მეტად შეატყობს ეს ხალხი, რომ მათ მუხლზე გადამტვრევას ცდილობთ, მით მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ, ამიტომ შეწყვიტეთ!

6. ეს კანონი და დასავლური ინტეგრაცია შეუთავსებელია, as simple as that! ან ერთი ან მეორე, აირჩიეთ, თუ დაგრჩათ არჩევანის რესურსი!

7. ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად და ახლა მის ჩაქრობას სერიოზული კომპრომისის გარეშე ვერ შეძლებთ. რამდენი აქციაც არ უნდა დაშალოთ, ბრაზი არსად წავა და ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეშვით კუნთებზე ყურებას და მოიფიქრეთ რითი გამოასწოროთ.

და ბოლოს, ფუჭია ყველა მცდელობა, რომლის მიზანია არჩეული კურსი შეაცვლევინო ქართულ საზოგადოებას. შეუსრულებელი მისიაა. სხვა ამოცანა დაისახეთ”, – წერს ჩუგოშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა