ბოლო ამბები
06/10/2024

მომიტევეთ მკითხველნო, მაგრამ სიმართლე რომ არ დავწერო გული გამისკდება ამდენი უსამართლობით, წლების მანძილზე ვითმინე თენგიზ კიტოვანის მისამართით უსამართლო ბრალდებებიც და წყევლაც – როზეტა კიტოვანი

გაზიარება

იტალიაში მცხოვრები ქართველი, როზეტა კიტოვანი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც თენგიზ კიტოვანის გარდაცვალების შემდეგ შეურაცმყოფელ კომენტარებს წერენ.

როგორც როზეტა კიტოვანი წერს, ყველა ის ბრალდება, რაც ათწლეულების მანძილზე ისმოდა თენგიზ კიტოვანზე, არის სიცრუე.

მომიტევეთ მკითხველნო, მაგრამ სიმართლე რომ არ დავწერო გული გამისკდება ამდენი უსამართლობით. 

100 000 მოწამის ხსენების დღეს აღესრულა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი ბ-ნი თენგიზ კიტოვანი.

ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ის იყო პირველ რიგში უკეთილშობილესი ადამიანი და შემდეგ გენერალი. 

წლების მანძილზე ვითმინე მისი მისამართით უსამართლო ბრალდებებიც და წყევლაც (თუმცა უპასუხოდ მაინც არავის ვტოვებდი) და სიმართლის აღიარების მოლოდინში გაფრინდა 30 წელი… 

დღეს, მის ნეკროლოგზე ვკითხულობ კომენტარებს და დავრწმუნდი, თუ რატომ დაიმსახურა ქართველმა ერმა ისეთი არსებობა, როგორიც გაქვთ დღეს. ახია ადრესატებზე, რადგან უგუნურ პირუტყვთა უწიგნური ხროვა ხართ, ვინც მიცვალებულზე საშინელებებს წერთ! თქვენ, ჰო თქვენ, ადრესატებო, ბოსტნეულზე მიყიდულო სულებო, ჩემ თვალში თქვენ ერთი მყრალი სექტა ხართ, თვითმარქვია ზვიადისტებო, რომლებიც დღეს მიშისტებად მომევლინეთ და ვისი იმედიც არ უნდა მქონდეს ომში, რადგანაც თქვენ იმ ურწმუნოთა ხროვა ხართ, რომლებიც უფალს ჯერ ბზის ტოტებს დაუფენთ და შემდეგ ჯვარს აცვამთ, ისე, რომ სინდისის ქენჯნაც კი არ შეგაწუხებთ! ჯერ თაყვანს სცემთ მას და შემდეგ, თუ დაგჭირდათ, სულშიც ჩააფურთხებთ! 

ვინც ფეხის ხმას ხართ აყოლილნი და საქართველოს ისტორიის არცერთი ფურცელი არ გადაგიფურცლავთ დღემდე, გაგაცნობთ თენგიზ კიტოვანის პიროვნებას, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში. თუმცა მისი სახელის ლანძღვით თქვენს სახეებს ნათლად ვხედავ და იქნებ უფლის მაინც შეგრცხვეთ როგორმე! 

რომელიმე თქვენთაგანმა რით დაიმსახურეთ ხოტბა ღვთისა და ერის წინაშე, მაინტერესებს?! საკუთარი შვილები ვერ აღგიზრდიათ, საკუთარი ვნებები ვერ დაგიოკებიათ, არშემდგარნი არარაობები ხართ და თითს იშვერთ კაცზე, რომელმაც განადგურებულ საქართველოში ქართული არმია შექმნა! განა ასე მარტივი იყო იმ ხანაში ჯარის შექმნა, ყველასთვის მამობის გაწევა და გაყიდული საქართველოს დაცვა? 

ბინძურ პოლიტიკაში არ უნდა გარეულიყო პატიოსანი მართლმადიდებელი კაცი, მაგრამ თავად მისი მეგობარის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაჟინებული მოთხოვნით ის თავდაცვის მინისტრობაზე დათანხმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერის მოღალატედ გამოგაცხადებო…

თენგიზ კიტოვანს ზვიად გამსახურდიას მკვლელობაც დასწამეს დამონებულმა ქართველმა მასონებმა და ქართული სულის წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ პოლიტ-პროგრამასაც მას ნუ მიაბრალებთ , თუ ღმერთი გწამთ!

ტუტუცი შევარდნაძის მიერ შემოგდებული, ლამაზად შეფუთული დამოუკიდებლობის მსხვერპლია დღეს საქართველო და მას ჩააფურთხეთ სულში თუ შნო გაქვთ! ქართველი ერის მოსაწონი ხელისუფლება არასოდეს მოვა საქართველოში, რადგან დანომრილი ცხვრებივით გაყიდულნი ვართ წინამორბედი თუ დღევანდელი მაღალჩინოსნებისგან! გაახილეთ თვალები საბრალო კაცმაცუნებო!!! როდემდე უნდა ისხდეთ ჩირგვში???

თენგიზ კიტოვანის მსგავსად, რომელმა გაიმეტეთ სასიკეთოდ გაგეცათ მამა-პაპისეული უძრავ-მოძრავი ქონება ომში დაინვალიდებული ბიჭებისთვის, ობოლთათვის თუ ქვრივთათვის? 

ეს ის ქართველი გენერალია, რომელმაც ხანძრის შედეგად დარჩენილი ჩემი ხუთსულიანი ოჯახი მის სახლში შეგვიფარა, გვიერთგულა, მამობა თუ ბაბუობა გაგვიწია უანგაროდ, მაშინ, როცა აბსოლუტურად აღარაფერი გამაჩნდა ქმარ-შვილის გარდა.

სწორედ მისი პატივისცემის ნიშნად რას აღარ მჩუქნიდა თანამებრძოლები, რომ წაქცეული ოჯახი ისევ ფეხზე წამოგვეყენებინა. ის ღმერთკაცად მოევლინა ჩემ ოჯახს და უდიდესი ტრაგედია გადამატანინა სიყვარულით, რწმენით, ლოცვით და ერთგულებით.

ახლა, სწორედ ეს სიკეთე აცხოვნებს მის სულს, სხვა სიკეთეებზე რომ აღარაფერი დავწერო.

სწორედ მის სახლში, სადაც იკრიბებოდნენ ვეტერანები თუ თანამშრომლები, მისი ფარული მტრებიც კი, შეგზავნილი აგენტებიც, მე მამზადებინებდა სადილ-ვახშამს უზარმაზარ ქვაბებში, რომ მშიერი არავინ დარჩენილიყო და ის მაშინაც უფალს იყო მინდობილი. საკუთარი ქონება უსახლკაროებს დაურიგა და მისი შვილები ქირით ცხოვრობდნენ.

მე ვიყავი ის, ვისაც მატანდა უპოვართათვის სანოვაგეს, ისე, რომ არავისთან მეთქვა მის მიერ გაცემული სიკეეთების შესახებ და თქვენ დღეს, (რომელი ერთი ჩამოვთვალო აქ?!) ასეთ კაცს რამდენ მტკნარ სიცრუეს სწამებთ თქვენივე უცოდინარობით, დაფიქრდით უღმერთოებო! ღირსეულად დუმდა წლების მანძილზე და შევარდნაძის ბინძური ზრახვების გამო, იმ ლიკვიდირებულ ქართველებზე კაცურად არას ამბობდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა შემდეგ ეს პურუტყვთა ხროვა იმას იტყოდით, რომ არაკაცურად გარდაცვლილებს მიაწმინდა ხელებიო.

იმ ხანაში ყველამ გაყიდა სამშობლოც და მეომარი, საჯიშე ბიჭებიც თენგიზ კიტოვანის გარდა, მაგრამ სადაა სამართალი?!

მას შემდეგ ხომ გყავთ ნამუსახდილი ხელისუფალნი და ჩინოვნიკები, წინამორბედი თუ დღევანდელი, რომლებმაც ღირსება აგართვათ დაბრმავებულო სექტანტებო?!

მხდალნო და უსუსურნო, რომლებიც კლავიატურის მონებად ხართ ქცეულნი, ერთხელ მაინც შეგრცხვეთ ღმერთის წინაშე და უფლის გზას აცდენილო ვაი მართლმადიდებლებო, საკუთარ ცოდვებზე ილაყბეთ, თვალებში დირე ამოიძირკვეთ და კიტოვანებზე შემდეგ დაწერეთ სიმართლე და არა შეთითხნილი ბრალდებები!!!
ზუსტად თქვენზეა ნათქვამი: ,, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო”…

თქვენისთანა ბრიყვებმა ისიც კი დაიჯერეთ, რომ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა, თანაც ორი გასროლით, რაშიც კიტოვანის ხელი ურევიაო. ღმერთი ყოვლისშემძლე კი არის, მაგრამ არა ყოვლის მიმტევებელი. ყველას მოგეზღვებათ ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცი.

იმედია ოდესმე, მოუსყიდავი მემატიანენი, სიმართლეს დაწერენ და ყველას თავისი სახელი დაერქმევა ამ უსამართლო წუთისოფელში, თუ რა თქმა უნდა თქვენისთანა სულმდაბალი, ვაი-პატრიოტები არ წაშლიან სამუდამოდ საქართველოს მომავალს!!!
თამამად გეტყვით, რომ მკვდრები თქვენ ხართ, მჯღაბნელებო, თორემ თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა და მას უფალი დაუმკვიდრებს ცათა სასუფევლს, არ იდარდოთ!!!

რაც შეეხება ჩვენს გვარს, მუდამ მეამაყებოდა და ვიამაყებ კიდეც მომავალში, რადგან ჩემ გვარში არც ყაჩაღი, არც მეძავი, არც მოღალატე და არც უღმერთო არ გვირევია!!! ეს კი სწორედ რომ ღვთისაგან ბოძებული მადლია, რასაც უღალატოდ ვემსახურებით!
და ბოლოს, მთელი არსებით ვუსამძიმრებ მის ლამაზ, დიდ ოჯახს ჩემი უსაყვარლესი ადამიანის გარდაცვალების გამო.

ღირსეულად ჭირთა დათმენა მოგვმადლოს უფალმა ჭირისუფალთ. აცხოვნოს უფალმა სული მისი და აკურთხოს სამკვიდრებელი მისი.

მშვიდობით ჩემო სანატრელო, ჩემი შვილების უსაყვარლესო, დაუვიწყარო ,,ბაბუ”. 
.”– წერს როზეტა კიტოვანი.

სხვა ამბების წაკითხვა