ბოლო ამბები
11/11/2024

კოსტა სანიკიძის დედა არ არის დარწმუნებული, რომ მისი შვილის სიცოცხლე უსაფრთხოდ იქნება და დახმარებას ითხოვს

გაზიარება

კოსტა სანიკიძის დედა, ირმა ბოჩენკო-სანიკიძე, მისი შვილის დაჭრის ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს და არ არის დარწმუნებული, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დაკავებულია.

“გუშინ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ჩემთან ერთად ჩვენივე სახლის ეზოში შეესწრო ენით აღუწერელ უბედურებას, თუ როგორ სადისტურად, თვალწინ გვიკლავდნენ ჩემ შვილს, კოსტა სანიკიძეს იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ჩემი შვილი, ჩემ თვალწინ იცლებოდა სისხლისგან და იწვა თავისივე სისხლის გუბეში, მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი უსუსურები ვედექით თავზე და ვერაფრით ვეხმარებოდით.

მადლობა უფალს და “ჰელსიკორი”-ს საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებმაც გადამირჩინეს მომაკვდავი შვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი, ჩემი დაჭრილი შვილის და სამართალდამცავი მეზობლის მიერ იქნა ადგილზევე დაკავებული და პოლიციისთვის გადაცემული, მაინც არ ვარ მშვიდად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევ ემუქრება საფრთხე, ვინაიდან თავდამსხმელის მიერ პირველი მცდელობის ფაქტზე პოლიციის მიერ “ჩატარებული გამოძიების” მიუხედავად ჩვენ აღმოვჩნდით დაუცველები და მე მქონდა იმედი, რომ პოლიცია გაატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა.

თუმცა, ჩემი იმედი აღმოჩნდა ფუჭი, რადგანაც 2 ნოემბრის შემდეგ, მან კვლავ გაბედა და განმეორებით დაგვესხა თავს და მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმისთანავე, სანამ შემოიჭრებოდა ეზოში დავრეკე 112-ში, მაგრამ მაინც ვერ დამიცვეს შვილი და პოლიციის მოსვლამდე ჩვენივე ძალებით მოგვიწია თავდამსხმელის მოგერიება და დაკავება, რაც ლამის ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა.

თავდამსხმელის დაკავების მიუხედავად, თავს ისევ დაუცველად ვგრძნობ, ვინაიდან გაჟღერებული ვერსია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თავდამსხმელის დუმილი, სერიოზულ ეჭვს მიჩენს, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია, ვერ დავიჯერებ შემოთავაზებულ ვერსიას და მგონია, რომ თავდასხმა, ვითომცდა უმიზეზოდ და თანაც ასეთი ფორმით არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის დაგეგმილი.

გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში. ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ პოლიცია, ისევ გულგრილად და ზერელედ მიუდგება ამ ფაქტს, როგორც პირველი თავდასხმის მცდელობისას.”- წერს ირმა ბოიჩენკო-სანიკიძე.

სხვა ამბების წაკითხვა