ბოლო ამბები
11/10/2024

ზვიად კუპრავა ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს

გაზიარება

ზვიად კუპრავა ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა მელიასთან ერთად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ალბათ, დადგა დრო მივიღო გადაწყვეტილება. იცით, რომ ,,ბიბლიოთეკის ბრიფინგის” დღიდან, დღემდე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას.

მხარს ვუჭერ, რადგან ვთვლი, რომ ამ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ის არის მართალი კაცი.

მხარს ვუჭერ, რადგან ვთვლი, რომ ივანიშვილის სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი და მწვავედ მებრძოლი ოპოზიციონერი.

მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი წესიერი კაცი ივანიშვილის მიერ დაბინძურებულ გარემოში.

დღემდე ყველაფერი გავაკეთე, რომ პარტიაში პოლიტიკური გაყრა არ შემდგარიყო.
თუმცა დღეს არის ვითარება, როდესაც თავს ზევით ძალა არ არის.

დადგა დრო მივიღო რთული, ან შეიძლება ძალიან მარტივი გადაწყვეტილება.
ჩემ გადაწყვეტილებაში ვარ აბსოლუტურად თავისუფალი, რადგან
არ ვარ დამოკიდებული არავიზე.

არ მაქვს არც ფინანსური და არც პოლიტიკური ვალდებულება არავის მიმართ.
თავისუფალი ვიყავი მაშინ, როდესაც ერთი კვირის წინ პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა დავაყენეთ დღისწესრიგში და თავისუფალი ვარ დღეს, როდესაც მიმაჩნია რომ მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური და რელევანტურია შექმნილი ვითარების.

2013 წლის აპრილში მოვედი პირველად პარტიაში. მოვედი რა, პარტიის ეზოში შემოვედი. დაცვა შენობაში არ მიშვებდა – ვისთან მიდიხარო?)

მე კი პასუხი არ მქონდა, რადგან არავის არ ვიცნობდი მაშინ, ვინც შენობაში იჯდა.
აბა, რატომ მივედი პარტიაში სადაც არავის ვიცნობდი?..

იმიტომ, რომ მომწონდა ღირებულებები რომელსაც ,,ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა” ატარებდა. მომწონდა ქვეყნის შენების 9 წლიანი ტემპი.

მომწონდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს, 10 წლის შემდეგ თითქოს იგივე ვითარებაში ვარ.

დღეს, 10 წლის შემდეგ ვრჩები პარტიაში სადაც არავის ვიცნობ. არავის ვიცნობ, რადგან ვისაც ვიცნობდი, არავინ არ დარჩა.

ნახევარ მილიონ ადამიანთან ერთად, მე ვარ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ვაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის სისტემის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის.”- წერს ზვიად კუპრავა.

სხვა ამბების წაკითხვა