ინგა გრიგოლიასა და ვიკა ბუკიასთვის გაუგებარია პრემიერის განცხადება ოჯახურ ფასეულობებზე, ქართველობაზე, ტრადიციებსა და ღირებულებებზე.
ამის შესახებ მათ საკუთარ გადაცემაში განაცხადეს, როდესაც გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
“რა არის ეს? რომ ახალგაზრდებში უნდა გავააქტიუროთ და შემოვიტანოთ ტრადიციების, ოჯახური ფასეულობების, რაღაც ქართველობის ღირებულებები, რით ხსნი ამ ყველაფერს და შენ შვილს, მის მეგობრებს რა რეაქცია ექნებათ, როცა ამ ტიპის განცხადებებს მოისმენენ ხელისუფლისგან? – მიმართა გრიგოლიამ მის კოლეგა ვიკა ბუკიას, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილების თაობას არ ესმით ის ენა, რითაც მათ “ქართული ოცნება” ესაუბრება, როდესაც ოჯახურ ფასეულობებსა და ქართველობაზე ესაუბრებიან.
ბუკიას თქმით, მისი შვილების თაობას სურს სწავლა და არა ყალბი სადღეგრძელოების მოსმენა.
“ეს გაუგებარი ენაა ჩემი შვილის თაობისთვის. მათ საერთოდ არ ესმით, მე მგონია, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ ესმით, თუ რაზე ესაუბრებიან მათ. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ და საერთოდ არ მინდა რომ მსგავსი, ყალბი პროპაგანდის მსხვერპლები გახდნენ, ამიტომ, ეს ენა მათთვის გაუგებარია, განსაკუთრებით მარტის მოვლენების დროს გამოჩნდა და რატომ ვერ გაიგო ხელისუფლებამ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ახალგაზრდებს უნდათ სწავლა, განვითარება, ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი და ამის ნაცვლად ისევ სადღეგრძელოებს სთავაზობენ”– განაცხადა ვიკა ბუკიამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს