კახა კალაძის თქმით, საცობების მთავარი მიზეზი გადაჭარბებული ავტომანქანებია და საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება

129
ნახვა/წაკითხვა

„გუშინ, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საცობებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად საცობებისა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს.

საცობები არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 000 ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობაზე. ერთადერთი გამოსავალი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა.

ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18-მეტრიანი ავტობუსები. მესმის, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამოც არის გადაადგილება გართულებული, მაგრამ სხვანაირად ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საცობების თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ოპოზიცია აღნიშნული თემით სპეკულირებს. მე ვთქვი, რომ თუ აქვთ რაიმე იდეა, მოიტანონ. მზად ვართ და გავაკეთებთ. ვთქვათ და არასწორ პოლიტიკას ვატარებთ, მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულები არიან და გვეუბნებიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.