ზუსტად ასე იქცევიან თანამედროვე “ლიბერალი” ფაშისტებიც – ნანა კაკაბაძე

გაზიარება

ფაშისტებსაც და კომუნისტებსაც ჰქონდა საკუთარი იდეოლოგიის გამამართლებელი კონსტიტუციებიც და კანონებიც.

ისინიც, როგორც ესენი დიდი მიზნების მიღწევებისადმი სწრაფვის აუცილებლობით ამართლებდნენ მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგეთა კეთროვანებად გამოცხადებას და მათი მორალური, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური განადგურების აუცილებლობას. ზუსტად ასე იქცევიან თანამედროვე “ლიბერალი” ფაშისტებიც. – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

„ნეოლიბერალური ფაშიზმი

ნეოლიბერალური ოპოზიციის პროპაგანდის შედეგად, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეებისგან, სულ უფრო ხშირად გაისმის ასეთი მოწოდებები:

„მოვიკვეთოთ საზოგადოებიდან ის ადამიანები, ვინც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას!“

„არ მივესალმოთ, ხელი არ ჩამოვართვათ ასეთ ადამიანებს, რათა მათ დაინახონ, რომ კეთროვანები არიან!“

„ასეთი ლექტორები არ შევუშვათ ლექციებზე და გავაძევოთ უნივერსიტეტებიდან!“
„მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!“

„გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანების (ანუ საქართველოს მტრების) მისამართები და მათ საცხოვრებელ სახლებთან მოვუწყოთ ობსტრუქცია!“

„დავაბულინგოთ ასეთების შვილები, რათა შვილების საშუალებით მოვახდინოთ მათზე ზემოქმედება!“

ამ მოწოდებებს ვისმენთ ლიბერალიზმის სახელით მოქმედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატებს და პატრიოტებს ეძახიან.

ადამიანების ასეთ მოწოდებებს მხარდაჭერა აქვთ დასავლეთის ქვეყნების იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ასევე ლიბერალებს უწოდებენ საკუთარ თავს. ეს ის ხალხია, ვინც თავის ქვეყნებშიც ესწრაფვის იმ ადამიანების საზოგადოებისგან მოკვეთას, ვინც გაბედავს, რომ მათგან განსხვავებული შეხედულება გამოთქვას სექსუალური უმცირესოებების მიმართ.

მოკლედ, ასეთ „ლიბერალებს“ საკუთარ დევიზად გაუხდიათ კომუნისტებისა და ფაშისტების ლოზუნგი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!“ ხოლო მტერი, ბუნებრივია, უნდა გაანადგურო მორალურად, პოლიტიკურად და თუ საჭირო გახდება, ფიზიკურადაც.

ჩვენი მოქალაქეებისთვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, აუხსნელი იყო ის, თუ როგორ შეიძლებოდა მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სისხლიანი ანტიდემოკრატიული რეჟიმი დასავლელ პარტნიორებს „დემოკრატიის შუქურად“ შეეფასებინათ.

გავიდა წლები და ყველამ დაინახა, რომ ასეთი შემფასებლებისთვის დემოკრატია და ლიბერალიზმი მათი პოლიტიკისათვის გამოსაყენებელი აუცილებელი სიტყვებია, მათი პრაქტიკული მოქმედებები ნათლად ააშკარავებს, რომ პოლიტიკური ფილოსოფიით და შინაგანი ბუნებით ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან პირწავარდნილ ფაშისტებს და კომუნისტებს.

საქმე ისაა, რომ ფაშისტებსაც და კომუნისტებსაც ჰქონდა საკუთარი იდეოლოგიის გამამართლებელი კონსტიტუციებიც და კანონებიც.

ისინიც, როგორც ესენი დიდი მიზნების მიღწევებისადმი სწრაფვის აუცილებლობით ამართლებდნენ მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგეთა კეთროვანებად გამოცხადებას და მათი მორალური, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური განადგურების აუცილებლობას.

ზუსტად ასე იქცევიან თანამედროვე “ლიბერალი” ფაშისტებიც. ამიტომაც წყლის ორი წვეთივით ჰგავს მათი ქმედებები.

ისინიც და ესენიც: წვავენ მათთვის მიუღებელი ოპონენტების წიგნებს. უკეტავენ უნივერსიტეტის კარებებს მათთვის მიუღებელ ლექტორებს. შორს რომ არ წავიდეთ, ასე გამოაძევეს 20-30-იან წლებში უნივერსიტეტიდან მისი დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი.

„მოღალატის“ დამღით მორალურად კლავდნენ ადამიანებს. მოკლედ, აჩრდილი დადის საქართველოში აჩრდილი “ლიბერალური” ფაშიზმისა. ლიბერალიზმის სახელით მოქმედი ფაშიზმი, სულ უფრო და უფრო ისხამს ხორცს და წალეკვით ემუქრება ყველაფერ იმას, რაც ჩემმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, რუდუნებით და დიდი შრომის ფასად აშენა ადამიანების ცნობიერებაში (80-იანი წლებიდან) დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის.

დღეს სწორედ ამ ღირებულებების სახელით და კეთილშობილური ლოზუნგების მანიპულაციით გამოუსწორებელი ნაძირლები ცდილობენ დანერგონ ადამიანების ტვინებში და გულებში “ლიბერალური” ფაშიზმი, რომელიც ჩვეულებრივი ფაშიზმის ნაირსახეობაა. განსხვავება მხოლოდ ერთშია, აქაურ ფაშისტებს,იქაურებისგან განსხვავებით, სძულთ საკუთარი ერი და სისასტიკესაც ყველაზე მეტად ქართველთა მიმართ ამჟღავნებენ.“ – წერს ნანა კაკაბაძე.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *