ბოლო ამბები
11/12/2024

ბექა ვარდოსანიძე სუს-შია გადაყვანილი

გაზიარება

ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თავად ვარდოსანიძე სუს-ის შენობაშია გადაყვანილი.

ოფიციალურ განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

“კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება.

ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება.”- ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატის ცნობით, ვარდოსანიძის მიმართ ბრალდება 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბექა ვარდოსანიძე ამ დროისთვის მოწმის სახით, გამოკითხვაზეა გადაყვანილი და არ არის დაკავებული.

სხვა ამბების წაკითხვა