ბოლო ამბები
15/10/2024

ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით – პრემიერი

გაზიარება

ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კობას, თქვენი ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც რა თქმა უნდა, ბატონ კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა ძალიან მოკლედ გავიხსენო, თუ რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია. ვაქცინების არარსებობა.

ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებაში. ლარის კურსი თითქმის 3,4 შეადგენდა დოლართან მიმართებაში. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ „​ლოქდაუნში“ და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. მაგრამ ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ. Gdp, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად 80 მლრდ ლარამდე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 000 დოლარს მიაღწევს მშპ და ლარი არის სტაბილური 2.6-2.65 ფარგლებში, დოლართან მიმართებაში. ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა.ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს.

ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა სჭირდებოდა და რა სჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია.

ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა