ბოლო ამბები
17/01/2025

ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული პირის შესახებ.

კობახიძის თქმით, აღნიშნული პიროვნება დაკავშირებულია ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძესთან.

„არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება გამოძიება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ.

ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური “ტრიოკა” არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე.

აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა