ბოლო ამბები
04/11/2024

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის და მისი კოალიციის საჩივარი “იმედი”-ს პოსტვ-ის და “მაესტრო”-ს წინააღმდეგ

გაზიარება

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის და მისი კოალიციის საჩივარი “იმედი”-ს პოსტვ-ის და “მაესტრო”-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

“კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“ და „სტუდია მაესტრო“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო დამატებით, „პოსტვ“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის და „სტუდია მაესტროს“ ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა, თუმცა 10 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ და „პოსტვ“-იმ გაავრცელეს საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა იმავე პერიოდიდან, მის ეთერში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად. ამასთან, ის ვალდებულია თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს.

გარდა ამისა, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა იყო უფასო თუ ფასიანი. საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.

კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის და „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, აღნიშნული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა