დავით გამყრელიძე ამბობს, რომ 1 კვირაში ხელისუფლებაში მოდიან. ეს კომენტარი მან დღეს გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა “ლელო”-დან ცალკეული ადამიანების წასვლას.
„არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, სუს-ი ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომლებიც ისმის ჩვენი კოალიციის ლიდერების მისამართით, თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებთან. გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.შ მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს, რომ ასე გვეხმარებიან იმ სუსტი რგოლების, ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან. დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში, რადგან ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად”- განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძე “ლელო”-ს წევრია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს