ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმიანება და გვეუბნებიან, რომ აი მამაო ვის მივცეთ ხმა? როგორ მოვიქცეთ? ერთი რამე მინდა გითხრათ ყველას, რომ ადამიანები ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სრულწლოვანები არიან, 18 წელს ზევითაა ყველა და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი და ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა შევხედოთ რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთან, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვის უნდა მისცეს ხმა, – განაცხადა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
როგორც დეკანოზი აღნიშნავს, 2012 წელს არჩევნებზე წავიდა, იმიტომ, რომ დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და უნდა დამთავრებულიყო ეს საშინელება. მისივე თქმით, დღესაც ზუსტად იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო და ეს არის, გადამწყვეტი მომენტი.
„მე პირადად ჩემ აზრს გეტყვით, მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს წავედი არჩევნებზე, იმიტომ, რომ მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და მართლა ვეღარ ვეგუებოდით ამ სიბოროტეს, ამ სიბნელეს და რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა – მკვლელობა, შევიწროება, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება. ბუნებრივია ამის მიმართ გამაჩნდა პროტესტი და წავედი და მე მაშინ ხმა მივეცი სხვა პარტიას, იმიტომ, რომ უნდა დამთავრებულიყო ეს საშინელება, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა და 2012 წელს მე არჩევნებში მონაწილეობა მივიღე.
მე იმ დღის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია საერთოდ, იმიტომ, რომ არ ჩამითვლია თავი საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიმეცა. ჩემი დამოკიდებულება ასეთი იყო არცერთ პარტიას ვერ ვთვლიდი, რომ ჩემი ხმა მიმეცა, ამიტომ თავს ვიკავებდი ყოველთვის არჩევნებისაგან. წელსაც გადავწყვიტე, რომ პირველად ახლა ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, მე თვითონაც წავიდე არჩევნებზე, იმიტომ, რომ დღესაც ზუსტად იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო. ჩემთვის ესე არის, გადამწყვეტი მომენტი დგება, იმიტომ, რომ ვხედავთ რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას, როგორი წინააღმდეგობაა, მე ასეთი მსგავსი რამე, რაც ახლა დღეს ხდება და რაც განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან, მსგავსი რამე არ ყოფილა, მაშინ როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ ამდენი რამე ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს, ის, რომ უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია, არცერთ საელჩოს, არავის, მაშინ არაფერზე არ უსაუბრია და დღეს ვხედავთ როგორი ზეწოლაა.
მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, მე არაეკლესიურ ადამიანებს არ ვესაუბრები ახლა, მივმართავ ვინც მე მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია და მე ერთ რამეს გირჩევთ უბრალოდ – დააკვირდით ადამიანებს, დააკვირდით პოლიტიკურ პარტიებს, ანუ პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის მაგინებლები, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს, ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს და ისინი თუ თვლიან იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა მართლა პრობლემას არ წარმოადგენს, მე ეკლესიურ ადამიანებს მოგმართავთ და ვინც ეკლესიის წევრად თვლით და ჩემს სულიერ შვილად თვლით საკუთარ თავს, მე უბრალოდ კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან – როგორ უნდა მიცეთ იმ პარტიებს ხმა, რომელიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედა ეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს, ბუნებრივია შენ ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე, ბუნებრივია ეს, ვინც ეკლესიის წევრები ხართ მხოლოდ მათ მოგმართავთ და გესაუბრებით. დანარჩენი ადამიანებისთვის თავისი გადაწყვეტილებაა. თან არჩევანი ისეთი რაღაცაა, რომ ჩვენ ყველანი რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე მერე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ.
შენ თუ გააკეთებ არჩევანს, შენ არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ღვთის, იმიტომ, რომ არ მინდა ერმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ღვთის წინააღმდეგ წავა. ჩვენი ერი დღემდე მოვიდა ქრისტეთი, მოვედით ჩვენ ქრისტეთი, მოვედი ღმერთის ერთგულებით და თუ რამე გადაარჩენს ამ ქვეყანას, გადაარჩენს ქრისტეს ერთგულება და ღმერთის სიყვარული. სხვანაირად ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი, თუ არა ღვთის სიყვარული და ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ, ღმერთი შეგეწიოთ და ღმერთმა დაიფაროს თითოეული თქვენგანის ცხოვრება. მე არ გეტყვით რომელ პარტიას უნდა მისცეთ ხმა ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი არჩევანია. მე ერთ რამეს გეტყვით – ყველამ მერე თქვენ არჩევანზე უნდა აგოთ პასუხი აუცილებლად“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს