დღეს წყდება ჩვენი ქვეყანა ბნელ წარსულში დაბრუნდება, თუ შეინარჩუნებს მშვიდობასა და ღირსებას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე.
მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშე, ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 3 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას, არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა, სჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ამისთვის, თითოეული ამომრჩევლის ხმას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა არ გავაგრძელებ და არ ვიტყვი იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაზე, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, საქართველოს მშვიდობიანი, ღირსეული და ნათელი ევროპული მომავალი – მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც მოწოდებულია, ყველაფრის ფასად დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები.
მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობით ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ისარგებლებს “, – აღნიშნა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს