არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ხვალ გავიღვიძებთ არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა „დოგ“, ან რაღაც ამდაგვარი.
რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, საქართველო და დღევანდელ პროგრამას აქვს სწორედ ეს შინაარსი – ეს არის ზრუნვა ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს