ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.
„გუშინწინ აქციაში, არათუ მონაწილეობდნენ, ეს იყო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან. ოფიციალურად იყო რამდენიმე „ენჯეოს“ მიერ ორგანიზებული, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან. თქვენ მოისმინეთ მონაწილეების განცხადებები, მათ შორის, უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება-არდაშვებას, განცხადებების გაფილტვრა-არგაფილტვრას, რა შინაარსის განცხადები უნდა ყოფილიყო და რა – არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა, ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებებია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობაზე მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, მე განცხადებებს ვციტირებ, რომლებიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზებული ღონისძიებიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა“, – განაცხადა შალცვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ამ თემაზე.
„ეს არ არის უკვე პოლიტიკური ბრალდებები თუ პოლიტიკური შეფასებები, ეს უკვე არის ფაქტი, რომ, ევროკავშირის დაფინანსებით, რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე და ყველას დასჯაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამგვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინაღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს. კიდევ ერთხელ, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეს აქცია იყო ორგანიზებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საფარის“ და სხვა „ენეჯეოების“ მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამ აქციაზე, სცენაზე ვინ ასულიყო და ვინ არა, რა ეთქვა და რა არა, აკონტროლებდა ბაია პატარაია, ამას თავად მონაწილეებიც ადასტურებენ. შესაბამისად, ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს