“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილი კულტურის მინისტრს და რეჟისორ ქეთი დოლიძეს ღიად უპირისპირდება. ისინი პროტესტს გამოთქვამენ კულტურის სამინისტროსა და ქეთი დოლიძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ოფიციალურად გადაეცა. აღნიშნული ფესტივალის დამფუძნებელი სწორედ ქეთი დოლიძეა.
“ოცნების” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქეთი დოლიძეს არ უნდა აფინანსებდეს კულტურის სამინისტრო იმ ფონზე, როდესაც ის, ბოლო პერიოდში მხარს უჭერდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ცალკეულ მონაწილეებს.
ხელისუფლების მომხრეები კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის გადადგომასაც ითხოვენ.
მართალია, ქეთი დოლიძე ღიად არ დაპირისპირებია “ქართულ ოცნებას” და არ გამოუთქვამს პროტესტი, თუმცა, “ოცნების” მხარდამჭერები აქცენტს აკეთებენ მისი ვაჟის, თორნიკე ბზიავას აქტიურ მონაწილეობას ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე.
ქეთი დოლიძემ საჯარო საპროტესტო პოსტი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების დროს დაწერა. ასევე, მან მხარდაჭერა გამოუცხადა პროტესტის ერთ-ერთ მონაწილე დავით დოიაშვილს, როდესაც ის ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დოლიძე მიიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება არასწორი იყო.
“ოცნების” მხარდამჭერები პროტესტს სოციალურ ქსელში გამოთქვამენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს