ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება, და მართლა თუ გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“,
“ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს. მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. მუქარები და შანტაჟი გრძელდება. განცხადებები, რასაც ვისმენთ დაფუძნებულია ცილისწამებაზე, სიცრუეზე. ზოგადად, იმ განცხადებებს, რომლებიც ორ კანონთან დაკავშირებით მოვისმინეთ, საერთოდ არ გააჩნიათ კავშირი ვიზალიბერალიზაციასთან. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, ქართველ ხალხს ის სიკეთე წაართვან, რაც ვიზალიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად, არც საქართველო აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი – საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთეს.
თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, ცივილიზებული ფორმა, როდესაც უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, ვინ გინდა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა ის შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას, მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი დაფინანსებით, მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

