თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობსდა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არის აქტივისტები, რომლებიც მოსახლეობასთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
ვითარება დილიდან დაიძაბა, როდესაც ადგილზე აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ცალკეულ შემთხვევებშიმ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობასაც.
შსს-ს ცნობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 17 ადამიანია დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, აღსრულების ბიუროს განცხადებითვე, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და ნებისმიერ დროს შესაძლოა დაინგრეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ეს იყო მათი ერთადერთი საცხოვრებელი და მათ წასასვლელი არსად არ აქვთ. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება, მათი ცნობით, რამდენიმე ადამიანს დამატებით აქვს კერძო საკუთრება და აღნიშნული ტერიტორია, საიდანაც მათი გამოსახლება მოხდა, მიტაცებული აქვთ, ან კომპენსაცია აქვთ მიღებული.
თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია. განცხადება გაავრცელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ:
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა.
ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითიც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება.
დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას. ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები.
საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს“, – აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს