ბოლო ამბები
09/10/2025

მე, “ქართული ოცნების” რიგითი მხარდამჭერი, მივმართავ “ქართულ ოცნებას”

გაზიარება

მოქალაქე ლაშა ჭეიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერის სახელით გაგვეცნო, Multimedia.ge-ს წერილის გამოქვეყნებას სთხოვს, რომელშიც მმართველ პარტიას მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მე, “ქართული ოცნების” რიგითი მხარდამჭერი, მივმართავ “ქართულ ოცნებას”. 

ის პოლიტიკა, რასაც დღეს ატარებთ, უკვე ყველანაირ წითელ ხაზს სცდება. 

არაფერ სიკეთეს არ მოგიტანთ ეს უაზრო გაჯიუტება, შეთქმულების თეორიების აგება, აბსურდული პროპაგანდა, თან ისეთი ეგრედწოდებული ექსპერტებისგან, რომლებიც საზოგადოებაში არანაირი წონით და სიტყვით არ ფასობენ.

ნუ აიღებთ ხელს ნამუსზე და ნუ გახდებით ამორალურები. დაიღალა ქვეყანა ამ სისულეებში ცხოვრებით, ყველაფრის “გაპრავებით”, თითქოს ყველაფერში თქვენ ხართ მართლები და სხვა დანარჩენები მტყუანები.

გამოაცხადეთ საყოველთაო ამნისტია და ყოველგვარი ულტიმატუმრების გარეშე, ციხიდან გამოუშვით ახალგაზრდები. რაც არ უნდა იძახოთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ჩემზე კარგად იცით, რომ ეს ასე არ არის და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მომხრე არ ვარ, ფაქტია, რომ ოპოზიციის ლიდერები, თითიდან გამოწოვილი მიზეზით დააპატიმრეთ და თეა წულუკიანის ბოღმებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას.

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთი ნაბიჯებით, პირადად თქვენ იზიანებთ იმიჯს.?!

ჩემთვის ვერ იქნებიან მორალის საზომები ის ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენი პარტიის ტრიბუნებიდან თუ ფეისბუქ პოსტებიდან ერისა და ოჯახის სიწმინდეზე მელაპარაკებიან.

ჩახსენით ეკრანებიდან ეს უტვინო ხალხი, ვინც “ქართული ოცნების” სახელით საუბრობს და გაუგონარი სისულელეებით ულაყებს ტვინს პარტიის მხარდამჭერებს.

კი ვამბობ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მეც არ ვიცი, ვის და რას ვუჭერ მხარს ამ პარტიაში – ალბათ 2012 წლის სენტიმენტები მომყვება ინერციით, როდესაც ძველ “მეოცნებეებთან” ერთად, მეც პატარა აგური დავდე ამ პარტიის გამარჯვებაში.

შეცვალეთ პოლიტიკა – არ მისცეთ სალაპარაკო დასავლეთს და ევროპას, დაანახეთ, რომ სულაც არ ხართ ისეთები, როგორადაც მოგიხსენიებენ. გახსენით ციხის კარი, გამოუშვით ის ადამიანები, ვისი ბრალიც ფაქტობრივად ვერ დასტურდება და უაზროდ იწელება დროში.

წადით ოპოზიციურ მედიაში, უფრო მეტ აუდიტორიას გააგონეთ თქვენი სათქმელი და დაამტკიცეთ, სწორედაც ოპოზიციის ეთერით, რომ მართლები ხართ.

გამოიყვანეთ ქვეყანა ამ აბსურული ჩიხიდან.”– წერს ლაშა ჭეიშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა