“პროვინციული ტრაგიკომედიის მორიგი აქტი პირდაპირ ეთერში. ინგა გრიგოლია, თავისი ჩვეული „ანალიტიკური სიღრმითა“ და ტრაგიკული პათოსით, პირდაპირ ეთერში მეუფე ანტონს უსვამს ეპოქალურ კითხვას: გამორიცხავს თუ არა, რომ მეუფე შიოსთვის 20 ხმის მობილიზება „ქართული ოცნების“ ჩარევით მოხდა.
მინიშნება, რომელსაც ეს ქალბატონი ეთერში ასეთი გაბღენძილი იერით ისვრის, იმდენად პრიმიტიულია, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი არ იმსახურებს, თუმცა მისი ცინიზმის მასშტაბი ნამდვილად აღსანიშნავია.”– ასე აფასებს ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი გადაცემა “რეაქციაში”, ინგა გრიგოლიას ინტერვიუებს მეუფე ანტონსა და მეუფე ნიკოლოზთან.
“ეს არის იაფფასიანი სკანდალების მაძიებელი ტელე-ჟურნალისტიკის კლასიკური ნიმუში. ჟ:რნალისტიკის, სადაც ფაქტები და ობიექტურობა სრულიად მეორეხარისხოვანია, მთავარი მიზანი კი, იაფფასიანი პოლიტიკური პარანოიის დათესვა და მასების ინსტინქტებზე თამაშია.
გრიგოლიას ლოგიკით, თითქოს წმინდა სინოდი არა ეკლესიის უმაღლესი სულიერი იერარქია, არამედ რომელიმე პარტიის რაიონული ორგანიზაცია იყოს, სადაც ხმებს გამგებლები და ადმინისტრაციული რესურსი აგროვებენ.
მისი „პროფესიული სტანდარტი“ უაღრესად მარტივი და ტრაგიკულია: შექმნას კონსპირაცია იქ, სადაც საღი აზრი მთავრდება, და ისროლოს ტალახი იმ იმედით, რომ რაღაც აუცილებლად მიეკვრება. როდესაც მოვლენების სიღრმისეული, სახელმწიფოებრივი ან პოლიტოლოგიური ანალიზისთვის ინტელექტუალური რესურსი უბრალოდ არ არსებობს, რჩება მხოლოდ ერთი გზა, საეთერო დრო იქცეს იაფფასიანი ჭორებისა და მდარე პროვოკაციების საამქროდ.
დანარჩენს, რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე საზოგადოება თავად მიხვდება. მან, ვინც აზროვნების გზა აირჩია და ვისთვისაც სიტყვისა და შინაარსის ფასი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ამ იაფფასიან სპექტაკლს მხოლოდ მკაცრი, სარკასტული ღიმილით შეიძლება დააკვირდეს. სიღრმე და ჭეშმარიტება ამ პროპაგანდისტული ხმაურისგან ყოველთვის შორს იყო და ასეც დარჩება.
თითქოს პირველი უტიფრობა არ კმაროდა, ტელეეთერში მიმდინარე პროვინციული ფარსი კიდევ უფრო ტრაგიკომიკურ ფაზაში გადავიდა. საკუთარი „სიმამაცით“ ტრანსში ჩავარდნილმა წამყვანმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპეტენცია არამიწიერ სფეროებსაც სწვდება და პირდაპირ ეთერში აღსარების საიდუმლოში დაიწყო უხეშად ხელების ფათური.
სუს-ის ე.წ. ფაილების ეთერში ფრიალი და ამით იაფფასიანი სპეკულირება უკვე დიდი ხანია ქართული მარგინალური მედიის საყვარელ სპორტად იქცა, მაგრამ სასულიერო პირთან ამ შანტაჟისა და ბულვარული ჭორების ენით საუბარი, ფსკერის სრულიად ახალი, გაცილებით შთამბეჭდავი ნიშნულია.
აქ კი დგება კულმინაცია, რომელიც ამ აბსურდს სრულყოფილს ხდის: წამყვანის პირდაპირი, ისტერიული საყვედური და ლამის ულტიმატუმი მეუფისადმი(!) „რატომ არ ხართ რევოლუციონერების მხარეს?!“
აი, თურმე სად მარხია ძაღლის თავი (თითქოს არ ვიცოდით). ამ ადამიანებს ეკლესია საკრალურ სივრცედ და მორალური წესრიგის საყრდენად კი არა, ბარიკადებზე მოხტუნავე მარგინალთა და ქუჩის ავანტიურისტთა დამხმარე შტაბად მიაჩნიათ. მათსავე წარმოსახვაში შექმნილი „რევოლუციის“ ბოდვა იმდენად ღრმაა, რომ უკვე სასულიერო იერარქიისგანაც კი ღიად ითხოვენ მოლოტოვის კოქტეილების კურთხევას.
ყოველივე ჟურნალისტიკის კრახი კი არა, ინტელექტუალური და მორალური დეგრადაციის ის სტადიაა, სადაც წამყვანი საკუთარ თავს გაცოფებულ პოლიტკომისრად უფრო აღიქვამს, რომლის მიზანიც არა კითხვის დასმა, არამედ რესპონდენტის იდეოლოგიურ ჩარჩოში ძალადობრივი მოქცევაა.”- წერს ირაკლი ყიფიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


