ეს ყველაფერი, მათ შორის, ბოლო განცხადებაც აჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ უყურებენ, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები

გაზიარება

სასამართლოს სტიგმატიზაციის მცდელობა წარმოებს ძირითადად უცხოელი აგენტების ხელით და არამარტო. გამოიყენება ტერმინები, მათ შორის: „კლანი“, ახალი ტერმინი შემოიტანეს „კორპორატივიზმი“ და ა.შ. – ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, საბჭოური მეთოდებით ცდილობენ დაბრენდონ სასამართლო სისტემა. აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა მოხდეს.

ეს ყველაფერი, მათ შორის, ბოლო განცხადებაც აჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ უყურებენ, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 5 აპრილს, ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს და ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ამ შტურმში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მაშინ იყო საქართველოს პრეზიდენტი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც იყო სახალხო დამცველი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, ყველა „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი და ა.შ. ვინც კი იყო აგენტი, ყველა ჩაერთო ამ კამპანიაში – პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

პირდაპირ დასდეს ბრალი დანაშაულში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლეს. უფრო მეტიც, მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი. სწორედ ამ დროებითმა ზომამ მისცა ნიკა გვარამიას 7 მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება.

მან იცოდა, რომ საბოლოო ჯამში, სტრასბურგში ეს საქმე დასრულდებოდა მისი მარცხით და კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა რუსთავი 2 , ისარგებლა ამით და 7 მილიონით გაძარცვა ტელევიზია.

ყველა ეს ადამიანი, ყველა ეს უცხოელი აგენტი არის პასუხისმგებელი მათ შორის, გვარამიას მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

მე შეგახსნებთ, რომ ამ კამპანიაში სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი ელჩი იან კელი – ადვილია ახლა საუბარი იმიტომ, რომ ყოფილი ელჩია – პირდაპირი მინიშნებებით საუბრობდა ისიც, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

მიზეზი იყო ერთადერთი: პოლიტიკური ინტერესი იყო უცხოელი აგენტების და მათი პატრონების მხარეს, რომ რუსთავი 2 არ დაბრუნებოდა კანონიერ მფლობელს და დარჩენილიყო მიმტაცებლების – „ნაცმოძრაობის“ ხელში.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ყველა ეს ადამიანი იყო მტყუანი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მეტსაც გეტყვით, იყვნენ მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლები, რომელთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის, ვენეციის კომისიამ, საელჩოებმა, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ და მიიღეს კორუფციული ინტერესებით, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეპიზოდი და აღნიშნა, რომ მისი დაბარება აშშ-ის საელჩოში კონკრეტული საქმის გამო, პირდაპირი და უხეში ჩარევაა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში.

მოსამართლე ჩხიკვაძის “ქეისი”: ის პირდაპირ დაიბარეს კონკრეტულ საქმესთან დაკაშირებით, მოსთხოვეს ანგარიში და შეუზღუდეს კონკრეტულ ვიზიტში წასვლა, რაც არის პირდაპირი და უხეში ჩარევა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც არავის უკადრია 2012 წლის შემდეგ. ასეთი რაღაცები, პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში, ხშირად ხდებოდა 2012 წლამდე, რაც შემდეგ არავის უკადრია, მაგრამ იკადრა ვიღაცამ. მაშინ ჩვენ „პირი მოვწმინდეთ“ და ვთქვით: როგორ იკადრებდნენ ამ ყველაფერს – თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტის კადრებაც შესაძლებელი ყოფილა ამათი მხრიდან.“- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, შემაშფოთებელი ფაქტია ის, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენამდე მსგავსი სახის ინფორმაცია მიაქვთ კონკრეტულ პირებს.

„კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში, როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება და განსაკუთებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს – მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს ძალიან მძიმეა და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *