ბოლო ამბები
08/10/2026

მომღერალ მიშა სულუხიას თქმით, პოლიციის სახელით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება, რადგან უცნობმა პირებმა, რომლებიც სამართალდამცველებად გაეცნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაუმტვრიეს ტელეფონი და არარსებული დანაშაულის დაბრალება შესთავაზეს.

როგორც სულუხია წერს, მან გაქცევა მოახერხა და ფეისბუქ პოსტიც უცხო ადამიანების დახმარებით გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით, შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა.

ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ. რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.

მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS – გთხოვთ ვინმე დამეხმაროთ ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება”- წერს მიშო სულუხია.

სხვა ამბების წაკითხვა