“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის და ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ოფიციალურ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო , რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

