შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი კიდევ ერთი მოქალაქე, მარიამ ბერიანიძე პასუხობს ირაკლი კობახიძის მიერ, დღეს გაკეთებულ კომენტარს:
“როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში, ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით, იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო.
მეწყერის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით და დიახ 3 საათი! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112-ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ.
ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ, სად არის ის ნაპირი, სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!
იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა, რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა!
ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით, თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც, მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა”- წერს მარიამ ბერიანიძე.
ამ თემაზე წაიკითხეთ ირაკლი კობახიძის დღევანდელი კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს