ბათუმის საკრებულოს წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური, მის ყოფილ თანაპარტიელებს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აიძულებდნენ შეექმნა ფრაქცია და შეერთებოდა ნაც.მოძრაობასა და ლელოს, რითაც შექმნიდა ერთგვარ კრიზისს.
ძიძიგური ამბობს, რომ ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობდა მისი პირადი ცხოვრების დეტალებით.
„მაიძულებდნენ, შევსულიყავი ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, მესამე უნდა ყოფილიყო „ლელოს“ წევრი. გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე, თუმცა ეს იყო მიუღებელი, რადგან პარტიის პოზიცია დაარსების შემდეგ შეიცვალა, ის მოქმედებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი ბევრ რეგიონულ ორგანიზაციაში. მე პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ დავტოვე დარბაზი“, – განაცხადა ნატალია ძიძიგურმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს