“ზუსტად ვიცი, 2024-ში ვეღარ „გვათოხლებენ“ – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჯერად ნაც.მოძრაობის კოალიციის წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
“ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე, რომლის ბაიბურშიც არ არის! 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო.
მარტო ამითაც ჩანს ორი რამ: პირველი – არ მოსწონს ამ კაცს, ევროკავშირში რომ გვინდა! გააჩნია სასტარტო პირობებს – 2003 წელს ჩვენ ნულიდან, მინუსებიდან დავიწყეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი უკვე კარგად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, თურმე, გერმანიაში დღეს ხალხი სამჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში.
სამჯერ უკეთაც ცხოვრობს და რვაჯერაც. ამიტომაც ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! და მეორე – საქართველოს ეკონომიკამ ნახტომები 2003-2012 წლამდე პერიოდში გააკეთა, ბატონო კობახიძევ, ხოლო 2012-დან დღემდე ბიტკოინების ქარხნების და ერთი-ორი სასტუმროს გარდა, არაფერი აშენებულა, არცერთი ახალი დარგი არ „ამოქოქილა“ და ისიც ხომ გასაგებია, რატომ?!
„ქართული ოცნება“ ვერასდროს ააშენებს ეკონომიკას, რადგან ის ვერასდროს ააშენებს სამართლიან სახელმწიფოს. ეს ორგანიზაცია სრულად დაცლილია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხისგან, ამ პარტიაში დარჩნენ მხოლოდ მორჩილი, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული ადამიანები.
ერთი სიტყვით, 2012 წელს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაქნილმა „ოცნებამ“ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას „გვათოხლა“ და ახლაც, ეკონომიკის აღორძინების და შედეგად, მოსახლეობის გამდიდრების ახალი „სათოხლაო“ გეგმა შემოგვიგდეს. ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა – ვადა გაგივიდათ!
დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი, კოალიციური ხელისუფლება მოვა გამჭვირვალე, დეტალურად ჩაშლილი ეკონომიკური ზრდის პროგრამით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმით, რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთავარი მაინტეგრირებელი ფაქტორი სწორედ საქართველოს ეკონომიკური ნახტომები იქნება.
ასე რომ, მე იმედიანად ვარ! საუკუნეების სიბრძნეა, რომ ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ისეთი ყალბი და გაქნილი ხელისუფლება კი, როგორიც ჩვენ გვყავს, არ დაგვიმსახურებია და ზუსტად ვიცი, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვეღარ „გვათოხლებენ“! – წერს კახა ოქრიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს