გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მის მომავალ თანამებრძოლად ნიკა გვარამიას ასახელებს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს ვფიქრობ ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი.
ვინაიდან ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი ანუ რუსული მართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
დიახ ვფიქრობ ნიკა გვარამია და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით, ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან რომელშიც 2012 წელს შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე”– წერს გიორგი ონიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს