საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, დეტალურად გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს