მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებმა გამოავლინონ პატივისცემა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები, მითითებები, ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ დააკავონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოწოდებების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
კალაძის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რომელიღაც ქვეყნის გუბერნია.
„საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს ამის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობის პირია, საქართველოს აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები და ამ ყველაფრის შესაბამისად მოქმედებს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია.
გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ევროპარლამენტარები.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვის შეხვდა. ყველამ უნდა გამოავლინოს პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, მითითებები მოგვცეს.
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია, მაგრამ როდესაც თეთრზე შავზე გეუბნებიან, გიმტკიცებენ, თითქოს მიხეილ სააკააშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი აზიანებს ამ ურთიერთობებს, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს