ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება, რაშიც უშუალოდ 60-მდე ონკოლოგი იყო ჩართული.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
„ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი.
ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.
ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება”- წერს აზარაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს