კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მოქალაქის საჩივრის არაეფექტურად და წესების დარღვევით განხილვის გამო, წერილობით გააფრთხილა.
“თვითრეგულირების ორგანოს მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება, რაც არხმა საჩივრის განხილვის პროცესში დაარღვია. კერძოდ, ფიზიკურმა პირმა მიიჩნია, რომ „TV პირველზე“ გასული სიუჟეტი ცილისმწამებლური იყო და არღვევდა მის უფლებებს, რის გამოც, ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ საჩივარი მომჩივანის დაუსწრებლად განიხილა და არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც, მას სათანადოდ არ მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითრეგულირების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოშიც შეეძლო. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს არ მიეცა საკუთარი პოზიციის სრულყოფილად წარმოდგენისა და თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, მაუწყებელმა დაარღვია კანონის მოთხოვნაც, რადგან, ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ჰქონდა განთავსებული სრულფასოვანი საკონტაქტო ინფორმაცია, რის გამოც, მომჩივანს თავდაპირველად თვითრეგულირების ორგანოსთან დასაკავშირებლად დაბრკოლება შეექმნა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულმა დარღვევებმა საჩივრის განხილვის პროცესის არაეფექტიანად წარმართვა გამოიწვია, რაც მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანობის შესახებ კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.
გამომდინარე იქიდან, რომ „TV პირველის“ მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციის სათანადოდ გამოქვეყნება დაავალა. გარდა ამისა, მომჩივანს განემარტა, რომ აქვს შესაძლებლობა, დადგენილი წესის მიხედვით „TV პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მიმართოს.”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს